– ვინ ხარ?
– ვფიქრობ,რომ ერთი ჩვეულებრივი გოგო,ხანდახან მოწყენილი,ზოგჯერ ბედნიერი,ბევრჯერ გახარებულიც,რომელიც მუდამ საკუთარი თავის ძიების პროცესშია.
– ასე მარტივად? არაფერს დაამატებ?
– კი,რატომაც არა! რათქმაუნდა,უბრალოდ არ მინდა შევაქო საკუთარი თავი,მირჩევნია სხვამ გააკეთოს ეს. მე ხომ ჩემი თავი ნახევრადაც არ აღმომიჩენია,მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ძლიერი პიროვნებაა ჩემს სხეულში,ესეც არ მინდა ვინმემ ამპარტავნობაში ჩამითვალოს,მაგრამ მთლად ისიც არ ვარგა “მდაბიოდ” ილაპარაკო საკუთარ თავზე.
– შეგიძლია ზეგავლენის მოხდენა სხვაზე?
– აბსოლუტურად,ძალიანაც,მაგრამ არასოდეს ცუდი განზრახვით,არ მამოძრავებს ბოროტი მიზნები. მე ყოველთვის ვცდილობ რეალური ვიყო ყველასთვის,რადგან ჩემთვის რეალური ადამიანი ყველაზე მისაღები და მიმზიდველია,ასეა ალბათ სხვის თვალშიც. შეიძლება ითამაშო,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს მხოლოდ გონებაში ხდება ხოლმე,ან ვის რა უნდა დავუმალო,როდესაც ჩემს ირგვლივ საკმაოდ გონიერი და გამოცდილი ადამიანები არიან. რატომღაც ხდება ისე,რომ ადვილად ექცევიან ჩემი ზეგვალენის ქვეშ და მოსწონთ ჩემი პიროვნება.
– როგორ ფიქრობ მამაკაცები ქალებზე ჭკვიანები არიან?
– მამაკაცები არ არიან ქალებზე ჭკვიანები,მათ სურთ იყონ ასეთები,მაგრამ არ გამოსდით,არ მაქვს ლაპარაკი ჩვენი ისტორიის მამებზე,ფილოსოფოსებზე,პოეტებზე,ეს სულ სხვა რამაა,ვფიქრობ რომ დღეს ქალი გაცილებით ჭკვიანია მამაკაცზე,რადგან ყოველთვის მეტს ფიქრობს,აზროვნებს,განიცდის,თუნდაც სიყვარული ავიღოთ,უფრო მეტად შეუძლია უყვარდეს,თუმცა არ აჟღავნებს. აი კაცები კი ამას ვერ აკეთებენ ისე,როგორც ჩვენ.
– ყველაზე მეტად რა გხიბლავს ადამიანში და კერძოდ მამაკაცში?
– თვალები,მამაკაცშიც და ქალშიც, და ის,თუ როგორ მიყურებენ ეს თვალები,რა არის მათ მზერაში,რითიც შეუძლიათ მომხიბლონ. ყველაფერს ამბობს კაცის თვალი,არაფერია ჩემთვის მიუხვედრელი და ამოუხსნელი მის თვალში. დარწმუნებული ვარ რომ ყველა კაცის ამოცნობა შემიძლია თვალებით. ამას გარდა ძალიან დიდ ყურადებას ვაქცევ მამაკაცის საუბრის მანერას,კულტურას,განათლებას. ადამიანის სიკეთეს,ღმერთს ხომ სიკეთით შევაყვარებთ თავს და ადამიანი თუ კეთილია,ის აუცილებლად კარგი სულისაა.
– შენ რა მიგაჩნია ცხოვრების მთავარ აზრად?
– საერთოდ ერთი აზრი არ არსებობს,მე უამრავი აზრი გამაჩნია ცხოვრებაზე.ურთულესი რამ არის ეს. აი თუნდაც,როცა ვფიქრობ ერთ კონკრეტულ რამეზე,იმდენი აზრი წამოვა,მერე გადავდივარ სხვა რამეზე,უცებ მახსენდება სულ სხვა ფიქრები,მერე ისევ ვუბრუნდები იმას,რისთვისაც დავიწყე ფიქრი და ა.შ. ცხოვრება მთელი შენი სამყაროა,რომელიც თვითონ უნდა მოაწყო,გაალამაზო,გაუფრთხილდე,აავსო დადებითი მუხტებით.ამისათვის საჭიროა აუცილებლად მეგობრები,რომლებიც უფრო მეტად გიხალისებენ და სიყვარულით გივსებენ იმ სამყაროს,რასაც შენი ცხოვრება ჰქვია. ძალიან რთულია სწორად მართო ცხოვრება,ამისთვის ბევრი გამბედაობა და ნებისყოფაა საჭირო,აუცილებელია ბევრის ცოდნა,გამოცდილება,რასაც ერთბაშად ვერ შეიძენ. თანდათან ყველაფერი ლაგდება ან ირევა,უარეს შემთხვევაში. გონებით ჭკუით და წინდახედულობით ყველაფერი გამოდის და იღბალიც თუ აქვს ადამიანს უმჯობესია.

– ბევრი მეგობარი გყავს?
– იმდენი მყავს,რამდენიც მყოფნის,ღმერთმა კარგად მიმყოფოს ყველა ჩემი მეგობარი და ყოველთვის მომცეს იმის საშუალება ასე გამოვხატო სიყვარული და ერთგულება მათ მიმართ როგორ ახლა. ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ნამდვილად არ შევმცდარვარ – ეს ჩემი მეგობრები არიან და უბედნიერესი ვარ ამით. ყოველთვის გვერდით მყავს ყველა და დიდ სიყვარულს ვგრძნობ მათგან.
– რამეს ნანობ ძალიან?
– კი,ვნანობ,რომ ჯიუტი ვიყავი და ის,რაც ნამდვილად არ იყო კარგი საუკეთესო მეგონა, ვნანობ,რომ ავჩქარდი და სხვას არ დავუჯერე,ესეც სიჯიუტის გამო,არ დავფიქრდი უფრო მეტად,ვნანობ რომ ჩემი ცხოვრების 2 წელიწადი უაზრო ტყუილში და საკუთარი თავის ჩაგვრაში გავატარე,რომ მეგონა რასაც ვგრძნობდი ნამდვილი იყო და აღმოჩნდა სრულიად სისულელე და დარჩა სიცარიელედ. აი ,რას ვნანობ ყველაზე მეტად.
– ვინმე გენატრება?
– კი,მენატრება სიგიჟემდე მამა. სულ მიჭირს მამაზე ლაპარაკი. ყველაზე დადებითი,ჭკვიანი,მისაღები და თბილი ადამიანი იყო ჩემთვის. მგონია,რომ რასაც არ უნდა ვფიქრობდე მამას ესმის ყველა ჩემი ფიქრი,ჩემს გონებაში სულ მისი სახელი ტრიალებს,ის ჩემი იდეალია და ვანონბ რომ უფრო მეტად არ ვამჟღავნებდი სიყვარულს მის მიმართ,უფრო მეტს არ ვეკითხებოდი,ვეფერებოდი. რომ ვიხედები თვალებიდან მგონია მისი სულია ჩემს სხეულში ჩაბუდებული და გული,რომელიც ამ ბოლო დროს საოცრად სევდიანი და სენტიმენტალურია,როგორიც მამას ქონდა. მისდი სიკვდილის შემდეგ გავხდი უფრო ახლოს საკუთარ თავთან და მგონია მისნაირი ვარ ზუსტად,თან როცა ახლა მაკლია ყველაზე მეტად,მგონია რომ სულ ჩემთანაა,უბრალოდ ხმა არ მესმის და ვერ ვხედავ. როცა გარდაიცვალა ვერ გავიგე კარგად და ვერ გავიაზრე,მაგრამ მისი სახე რომ ვერსად აღმოვაჩინე მერე მისი სუნი მახსენდებოდა მუდამ და დღესაც მახსოვს და მენატრება მისი ხელები და სევდიანი თვალები. დაუსრულებლად შემიძლია მამაზე საუბარი.
– რაზე ოცნებობ ან ოცნებობდი და თუ აგხდენია?
– ოცნებას გააჩნია,არასოდეს მიოცნებია მიუწვდომელზე,საშინელი რეალისტი ვარ,ვერ გადავლახე ვერაფრით რეალობას იქით ზღვარი,ზოგს ნაკლადაც მიაჩნია ეს თვისება ჩემში. ერთი ოცნება კი ამიხდა,ვოცნებობდი შვილი მყოლოდა და წარმოდგენილი მყავდა როგორი უნდა ყოფილიყო,სწორედ ასეთია ჩემი შვილი და ბედნიერი ვარ,რომ უფალმა ჩემი დიდი ოცნება ზუსტად ამიხდინა. უფრო სურვილები მაქვს,ალბათ ყველა ადამიანს სურს ბედნიერი იყოს და გვერდით ასევე მეორე ბედნიერი ადამიანი ყავდეს,რომ ერთმანეთს გაუფრთხილდნენ,აავსონ ერთმანეთის გულები და სულები,ყველას უნდა ეს და რათქმაუნდა მეც მათ შორის. ესაა ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი, მიზანი,ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ,ცხოვრების სილამაზისკენ,სიმშვიდისკენ. ცხოვრების კრედო ბედნიერებაშია,ესაა დოგმა.

– რისი პატიება არ შეგიძლია?
– მოკლედ ვიტყვი ღალატის,შეურაცხყოფის,უპატივცემულობის.
– მოდას მისდევ?
– ჩემთვის მოდა ისაა,რაც მე მიმაჩნია საუკეთესოდ და ვთვლი,რომ ნამდვილად არ მაქვს ცუდი გემოვნება. ვცდილობ არ ჩამოვრჩე დროს და არაფერს,ასე ჯობია,სულერთია ჩემთვის რა არის მოდაში,მთავარია ჩემი ადამიანობა და ინტელექტი და არა ის ვერსაჩე მაცვია თუ კენზო.
– რას კარგავ ყველაზე მეტად?
– ჩემთვის ყველაზე მეტად დრო იკარგება და ძალიან განვიცდი. ვცდილობ მაქსიმალურად გავხარჯო დღის მონაკვეთი,მაგრამ მაინც უამრავი დრო მეკარგება,მერე ვნანობ,რატომ ვერ მოვასწარი იმის გაკეთება,რაც წესით უკვე გაკეთებული უნდა მქონოდა და დღეს უკვე სხვა რამ მქონდა გეგმაში,ასეა სულ,რას ვიზამ? ნეტა უკან დამაბრუნებინა დრო,რამდენ რამეს გავაკეთებდი,ალბათ მერე აღარ ვიწუწუნებდი 
– მელომანი ხარ?
– უჰ,სასწაულად, ერთი დღეც ვერ ვძლებ მუსიკის გარეშე,ჩემი ცხოვრების ნაწილია მუსიკა,ძალიან მიყვარს ჯაზი,ბლუზი,როკიც, ელ ჯერო და ჯენის ჯოპლინიც. ჰოო და ალბათ დროის დაბრუნება რომ შემეძლოს ჯენის ჯოპლინის კონცერტზე წავიდოდი პირველ რიგში 
– ქალს ყველაზე მეტად რა ჭირდება?
– ქალს ჭირდება ძლიერი მამაკაცი გვერდით,გრძნობდეს მისგან სიყვარულს და დაფასებას,უფრო ამაყია ამ დროს ქალი და თვითდაჯერებული,უფრო მეტად გასცემს ასევე იმას,რაც მამაკაცს სჭირდება სრული ბედნიერებისთვის. თუ სურს მამაკაცს ქალის გულის მოგება უნდა მოუნახოს პირველ რიგში გასაღები და მოარგოს,ეს კი ყურადრებაა,რაც არასოდეს არ უნდა მოადუნოს. ქალმა უნდა იგრძნოს,რომ სუსტი სქესის არსებაა,რომ ყურადღებას იქცევს,თამამდება და მოსწონს ეს. კაცმა უნდა დააინტერესოს ქალი და აზრი მისცეს მასთან ურთიერთობას. კაცი კი თუ ამას ვერ მიხვდება და ვერ დაინახავს აზრი ეკარგება ქალის თვალში მას. ასე რომ,კაცებს მეტად მართებთ დაფიქრება ქალებზე,უნდა ისწავლონ მათთან მოქცევა და პატივისცემა,რათა არ დაკარგონ შანსი მათთან ყოფნის, იფიქრონ იმაზე თუ რამდენად ყურადღებიანები არიან მათ მიმართ.
– და მოდი თქვი ყველაზე მეტად რას გინდა მიაღწიო?
– რაც შეეხება მიღწევას ყველაზე მეტად წარმატებული მინდა ვიყო,ხოლო სხვა მხრივ უპირველესყოვლისა მინდა ჩემი შვილის ბედნიერება საკუთარი თვალით ვიხილო. აი ესეც ჩემი დიდი ოცნება.
